ურთა
  
  
  Xს-ის მეორე ნახევარი

მეჩეთად გადაკეთება ჩილდირის ტბის შემოგარენში (სოფელი Gólbelen) მდგომ კიდევ ერთ ეკლესიას ხვდა წილად, რამაც განაპირობა კიდეც მისი კარგი მდგომარეობა. ერთ დროს უთუოდ სადა ქრისტიანული ტაძარი დღეს ხალიჩებითაა მოფენილი, კედლები კი ფერად-ფერადად შეუღებიათ. უწინდელი გადახურვა შეცვლილი კი არის, მაგრამ შენარჩუნებულია მთლიანი არქიტექტურული გადაწყვეტა. კერძოდ, ეს არის სამნავიანი ბაზილიკა მრგვალი ბურჯების 3 წყვილით, აღმოსავლეთით აფსიდით (სადაც სამ-სამი ნიშაა სარკმლის აქეთ-იქით) და გვერდითი სათავსებით. ძეგლის უხვი დეკორატიული შემკულობიდან მასიური კაპიტელებია შემორჩენილი. გარეთა კედლები გადალესილია, რაც სოფლის მესვეურებმა დიდი სიამაყით მოგვახსენეს, თუმცა პირვანდელი სახით შემორჩა აღმოსავლეთი ფასადის სამკუთხა ნიშები, ტრადიციულად მარაოსებრი კონქებით დაგვირგვინებული.