ერუშეთი
  
  
 IVს-ის დასაწყისი, მირიან მეფის დრო

ერუშეთი _ ქრისტიანული საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი; ადგილი, სადაც ქრისტეს სამსჭვალი ინახებოდა... ერთ-ერთი უძველესი საეკლესიო ცენტრი და საეპისკოპოსო კათედრა...… ერუშეთში საეპისკოპოსო კათედრის არსებობის შესახებ ძველი მატიანეები გვამცნობენ (ლეონტი მროველი, ჯუანშერი, მოგვინებით _ ვახუშტი ბატონიშვილი). ირკვევა ასევე, რომ ერუშნელი ეპისკოპოსი იყო მოძღვარი მტკვრის მარცხენა სანაპიროსი, მთელი ერუშეთისა და არტაანისა კოლას საზღვრამდე. გაერთიანებული საქართველოს ეპოქაში ერუშნელ ეპისკოპოსს მე-15 ადგილი ეკავა წყაროსთაველი ეპისკოპოსის შემდეგ.74 ერუშეთში ქრისტიანობის კერის გაჩენა, მცხეთასა და მანგლისთან ერთად, პირველი ქრისტიანი მეფის, მირიანის სახელს უკავშირდება (IV ს-ის I ნახევარი). მეფის დესპანები _ ეპისკოპოსი იოანე და `წარჩინებული ერთი~ _ როდესაც ბერძენ ხუროებთან ერთად ბრუნდებოდნენ რომის იმპერატორ კონსტანტინესაგან, თან მოჰქონდათ დიდძალი განძი და წმინდა რელიკვიები, რომლებიც მირიან მეფეს კონსტანტინემ უბოძა ახლად მოქცეულ ქვეყანაში ქრისტიანული ეკლესიების ასაშენებლად და სარწმუნოების განსამტკიცებლად. სწორედ მათ მოიტანეს ქრისტეს `სამსჭვალნი ხელთანი~... `და ვითარ მოიწივნეს ადგილსა, რომელსა ჰქვიან ერუშეთი და დაუტევნა ხურონი საქმედ ეკლესიისა, დაუტევნა განძი და სამსჭვალნი უფლისანი და წარმოვიდა~76. მირიან მეფე შეწუხებულა, ესოდენ დიდი განძი რომ მცხეთას არ ჩაიტანეს, თუმცა მაშინ წმინდა ნინოს მეფე დაუმშვიდებია: `ნუ სწუხ, მეფეო, რამეთუ ესრეთ ჯერ არს: სადაცა მოვიდოდიან, დასთესვიდენ სახელსა ღმრთისასა. ხოლო არს ქალაქსა ამას  შინა სამოსელი იგი დიდებული უფლისა~. ქრისტეს სამსჭვალები მოგვიანებით ბიზანტიის კეისარმა ერაკლემ (610-641წწ) ადარნასეს ქართლის ერისმთავრობის დროს უკან წააბრძანა: `მაშინ ერაკლე მეფემან წარიხუნა მანგლისით და ერუშეთით ფერხთა ფიცარნი და სამსჭუალნი უფლისა ჩუენისა იესოს ქრისტესნი, რომელნი მოცემულ იყვნეს კონსტანტინესგან მირიანისდა~78. ლეონტი მროველი მოგვითხრობს ერუშეთის ეკლესიის შემდგომ შემკობას მირდატ მეფის მიერ, რომელიც იყო ქართლის მეფე IV ს-ის 60-70 წწ-ში: `მირდატ... მატა შემკობა და შენება ერუშეთისა და წუნდისა ეკლესიათა~.79 ერუშეთში ეპისკოპოსის დასმის შესახებ გვამცნობს ჯუანშერი: `მეფემან ვახტანგ (გორგასალმა) დასვა ერთი ეპისკოპოსად კლარჯეთს, ეკლესიასა ახიზისასა; ერთი არტაანს ერუშეთს, ერთი ჯავახეთს, წუნდას; ერთი მანგლისს, ერთი ბოლნისს~.80 გიორგი მერჩულეც მოიხსენიებს ერუშნელ ეპისკოპოსს, რომელიც მონაწილეობდა IX ს-ის შუა ხანებში გამართულ ჯავახეთის საეკლესიო კრების მუშაობაში. როგორც ჩანს, ერუშნელ ეპისკოპოსს გრიგოლ ხანძთელისთვის დაუჭერია მხარი ქართლის კათალიკოსად არსენ I დიდის (860-887 წწ.) დამტკიცებისას.

ვახუშტის ცნობით, ერუშეთში გუმბათიანი ეკლესია მდგარა, მაგრამ XVIII საუკუნეში ის უკვე მიტოვებული ყოფილა. `აწცა არს ეკლესია დაურღვეველი, არამედ ცალიერი~. ექ. თაყაიშვილმა, რომელმაც 1902 წლის ექსპედიციის დროს მოინახულა ერუშეთი, ტაძრის გეგმა და აღწერილობა 1909 წელს გამოაქვეყნა.

ამ ზაFხულს ჩვენ ვინახულეთ ერუშეთის ეკლესსის ნანგრევები. მიწის ზემოთ მხოლოდ ძლიერ შემოძარცვული დიდი საკურთხევლის აფსიდი დგას. დანარჩენი ნაწილები, ვფიქრობთ მიწაში უნდა იყოს დარჩენილი, გეგმის დონეზე მაინც. მართალია თაყაიშვილი ერუშეთის ეკლესიას გუმბათიანად თვლიდა და მას აწყურსაც ადრიდა, ვფიქრობთ, რომ გეგმის შედარება სხვა ქართულ გუმბათიან ტაძრებთან აშკარა სხვაობას გვაძლევს. სხვაობაა ამ ტაძრის გეგმასა და სხვა ქართულ ბაზილიკური ტაძრის გეგმებს შორის, ხოლო სვეტებს შორის დიდი ინტერვალები, შვერილი აფსიდი პასტოფორიების გარეშე და ზოგადად ტაძრის ზომები, გვაფიქრებინებს, რომ ეს გეგმა სავსებით შესაძლებელია კონსტანტინე დიდის მიერ წარმოგზავნილი არქიტექტორების მიერ აგებული საქართველოს პირველი ეკლესიის გეგმასაც ცარმოადგენდეს. ამ მოსაზრებას ამყარებს ვიზუალური მასალა, როდესაც ერუშეთის გეგმას სხვა კონსტანტინისეულ და ადრებაზილიკურ ტაძრებს შევადარებტ. შეგვიძლია წარმოვიდგინოტ, რომ ეს იყო სამნავიანი ბაზილიკა ხის გადახურვიტ. ამ მოსაზრების დადასტურება მხოლოდ არქეოლოგიური გათხრების შემდეგ გახდება შესაძლებელი, რამაც შესაძლებელია საქართველოს პირველ ტაძრამდე და ბიზანტიური არქიტექტურის ერთ-ერთ უადრეს ნიმუშამდეც კი მიგვიყვანოს.

როგორც ჩანს, ტაძარი ბაზილიკური სტრუქტურის ყოფილა (ტაბ. 2). მას სამი მოგრძო ნავი ჰქონია, მინაშენით დასავლეთით. სამივე ნავი შვერილი აფსიდებით ბოლოვდებოდა. კედლები კარგად თლილი ქვის კვადრებით იყო ნაგები. ექ. თაყაიშვილის ცნობით, ეკლესია მოხატული იქნებოდა, რადგან მხატვრობის კვალი მან დასავლეთი კედლის სარკმლის წირთხლში დააფიქსირა. შესასვლელები ტაძარს სამხრეთითა და დასავლეთით ჰქონდა, დიდი თაღოვანი სარკმლები კი _ აღმოსავლეთით, საკურთხეველსა და დასავლეთ კედელში. აღმოსავლეთ სარკმელს შერჩენილი ჰქონდა გადანაკეცებიანი თავსართი, ზედა სართულის გასანათებლად მის თავზე მრგვალი სარკმელიც იყო.

 

Leonti Mroveli, "chovreba kartvelta mepeta", Kartlis tshovreba (The Life of Kartli), ed. S. Kauhchishvili, vol.1 (Tbilisi, 1955), 118

E. Takaishvili,"Xristianskie pamiatniki, ekskursia 1902 goda", MAK XII (Materials on Caucasian Archaeology, vol 12), (Moscow, 1909), 69-70;
I. Giviashvil, I Koplatadze, Tao-Klarjeti (Tbilisi, 2004), tab.2
 

ერუშეთი, აფსიდის გეგმა

ერუშეთი

ერუშეთი

ერუშეთი